Tamunagog's Blog

Just another WordPress.com site

Archive for ივნისი, 2010

თაფლის ადვილი მონელების მიზეზი ის არის, რომ ის უკვე მონელებულია ფუტკრის მიერ

Posted by tamuna2188 on ივნისი 27, 2010

1. კევის ღეჭვა ხახვის გაფცქვნის პარალელურად, თავიდან აგაცილებთ არასასურველ ცრემლებს.
2. The Mercedes-Benz განმარტება არის “Das Beste oder Nichts” – რაც ნიშნავს: “ან საუკეთესო, ან არაფერი.”
3. ტიტანიკი იყო პირველი გემი, რომელმაც გამოიყენა SOS შეტყობინება.
4. SOS შეტყობინება ნიშნავს “Save Our Souls” – რაც ნიშნავს: “გადაარჩინეთ ჩვენი სულები”
5. საშუალო ასაკის ადამინმა თუ დაანება მოწევას თავი, დაჭირდება 1 საათით ნაკლები ძილი ღამით.
6. სიცილი ხელს უშლის სტრესული ჰორმონების გამოყოფას და აუმჯობესებს იმუტეტს. 6 წლის ბავშვები, იციანიან საშუალოდ 300-ჯერ დღეში. უფროსები კი 15-100-ჯერ.
7. ზღვის ნიჟარის ყურზე მიდებით არ გეგონოთ, რომ ზღვის ხმა გესმით, არა, ეს მხოლოდ თქვენს ყურში მოძრავი სისხლის ხმაა.
8. დალმატინები (ძაღლის ჯიში) იბადებიან ხალების გარეშე.
9. ღამურები ყოველთვის მარცხნივ მიდიან, როდესაც გამოდიან საბუდარიდან.
10. თუ დაკვირვებიხართ, მამაკაცის პერანგს მარჯვნივ აქვს ღილები, ქალისას კი მარცხნივ.
11. თაფლის ადვილი მონელების მიზეზი ის არის, რომ ის უკვე მონელებულია ფუტკრის მიერ.
12. ლურჯი ფერი ქმნის დამამშვიდებელ ეფექტს. ის აიძულებს ტვინს გამოყოს დამამშვიდებელი ჰორმონები. (ამის გამოა ჩვენი დიზაინი გაფორმებული ლურჯ ფერებში!)
13. ყოველთვის როცა აცემინებთ, თქვენი ტვინის რამდენიმე ასეული უჯრედი კვდება!
14. თქვენი მარცხენა ფილტვი უფრო პატარაა ვიდრე მარჯვენა იმის გამო, რომ გულს მეტი ადგილი შეხვდენოდა!
15. როდესაც ჰიპოპოტამები ბრაზდებიან, მათი ოფლი ხდება წითელი ფერის!
16. პირველი ჰარლი დევიდსონის (Harley Davidson) მოტოციკლეტი შეიქმნა 1903 წელს და იყენებდა ტომატის ბანკას კარბურატორის მაგივრად
17. MGM-ის ლოგოში ლომი, რომ ღრიალებს, სახელად ქვია ვოლნეი (Volney).
18. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ტიტანიკის აშენებას დაჭირდა 7 მილიონი დოლარი და მასზე ფილმის გადაღებას 200 მილიონი!!!
19. ეიფელის კოშკის ბოლომდე ასასვლელად დაგჭირდებათ 1,792 ნაბიჯი.
20. ადამიანის ძვლები და თმა აგრძელებს ზრდას მისი პატრონის სიკვდილის შემდეგაც!
21. უმეტესი ფეხბურთელები 1 თამაშის განმავლობაში დარბიან საშუალოდ 8 კილომეტრს. (გარდა საქართველოს ნაკრებისა!)
22. ყოველ დღე დაახლოებით 200 მილიონი წყვილი არის დაკავებული სექსით, 400,000 ბავშვი იბადება და 140,000 ადამიანი კვდება
23. ქოლგეითს ქონდა დიდი პრობლემა კბილის პასტის გაყიდვასთან დაკავშირებით ესპანურ ენაზე მოლაპარაკე ქვეყნებში, რადგან ესპანურად ქოლგეითი ნიშნავს :წადი და ჩამოკარი შენთვითონ.
24. მხოლოდ 2 ცხოველია ისეთი, რომელიც უკან ხედავს ყველაფერს თავის მიბრუნების გარეშე! ესენი არიან კურდღელი და თუთიყუში!
25. 3 ბრძენი მაიმუნის სახელი იცით? ესენი არიან: 1. მიზარუ (რომელიც ვერ ხედავს ბოროტებას), მიკაზარუ (არ ესმის ბოროტება), და მაზარუ (არ ლაპარაკობს ბოროტებას)!
26. გერმანული ნაგაზები კბენენ ადამიანებს ყველაზე მეტად, სხვა ჯიშებისგან განსხვავებით.
27. კენგურუ 1 ნახტომით ფარავს დაახლოებით 9.20 მეტრს!!!
28. გულის შეკუმშვისას გამოყოფილი წნევა, საკმარისია იმისთვის, რომ სისხლი გაისროლოს 10 მეტრზე!!!

Posted in იცით თუ არა რომ... | Leave a Comment »

თანდაყოლილია თუ არა ცოდვა

Posted by tamuna2188 on ივნისი 26, 2010

ყველას გვსურს ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრება. მაგრამ, საკითხავია, თავად რას ვაკეთებთ ამის მისაღწევად? მოდუნებულად ვცხოვრობთ, დილისა და საღამოს ლოცვებსაც კი გულის გარეთ ვკითხულობთ და ამ დროს სრულებით ვეღარ ვაცნობიერებთ ჩვენს დამღუპველ მდგომარეობას. აუცილებელია, გავაცნობიეროთ ლოცვის შინაარსი, მისი აზრი და მაშინ ჩვენი ცოდვილობის შემეცნებასაც ვპოვებთ და ღვთის გულმოწყალებასაც ჩავწვდებით. ეს ლოცვები განსაზღვრავენ მთელ ჩვენს ცხოვრებასა და მოღვაწეობას, ისინი მიგვითითებენ, თუ როგორ ვიცხოვროთ, რა ვაკეთოთ და რას განვეშოროთ.დილისა და საღამოს ლოცვებში ჩვენ უფლის წინაშე წარვსდგებით და საკუთარ თავს ჩავუკვირდებით. ეს ლოცვები, უწინარეს ყოვლისა, ჩვენივე თავს დაგვანახებს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის მცირეოდენი ლოცვებიც კი, რაც დღის განმავლობაში უნდა აღვასრულოთ, ღვთაებრივი ნათლით იყოს განათლებული.

ჩვენში მცხოვრები ცოდვა გვაბნელებს და გვაიძულებს, საკუთარი თავის წინაშე თავი ვიმართლოთ. თავის მართლებას კი ეშმაკი გვთავაზობს, სანამ ჩვენში სინდისი არ გაიღვიძებს, რომელიც არა მარტო ცალკეული ცოდვების მიმართ არის მგრძნობიარე, არამედ ჩვენი ცოდვილობას ყოველგვარი თავისმართლების გარეშე შეგვამეცნებს. ჩვენ ჩვენი ცოდვით ყველგან განხეთქილება შეგვაქვს. ცოდვებისათვის ყოველგვარი თავის მართლება – ჩვენი ცხონების მტერია. მხოლოდ და მხოლოდ ცოდვისგან გამომდინარე მოსალოდნელი საფრთხის გაცნობიერება და შეგნება გამოაწრთობს ჩვენს ნებისყოფას ცოდვის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ „წვრილ-წვრილ“ ცოდვებს მანამ, სანამ არ გავაცნობიერებთ, რომ სწორედ ეს გვართმევს ბედნიერებას. ჩვენ ცოდვა საკუთარი ბუნება გვგონია. „მე, ასეთი და ასეთი ვარ, და სხვანაირი ვერ ვიქნები“ ან „ასეთი ხასიათი მაქვს“, – ვამბობთ ხშირად, მაგრამ ხასიათი ხომ სულაც არ არის ისეთი რამ, რისი გამოსწორებაც არ შეიძლება.

მაშინ, როცა გადაწყვეტთ, ცოდვას შეეწინააღმდეგოთ, უნდა გახსოვდეთ, რომ იგი არ არის ჩვენი თანდაყოლილი რამ, არამედ მხოლოდ მოგვიანებით მოგვეტმასნა. ჩვენი პირველი მშობლები ცოდვის გარეშე შეიქმნენ. ცოდვა მხოლოდ შემდეგ შემოვიდა ჩვენს ბუნებაში, შემოგვიძვრა და სულისთვის მშობლიურ, უცოდველ მდგომარეობას დაუპირისპირდა, ხოლო სულის თავდაპირველი მდგომარეობა უცოდველი იმიტომაა, რომ ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი. ცოდვა ტყვედ გვიგდებს, შემოდის ჩვენს ბუნებრივ შემადგენლობაში როგორც უცხო საწყისი, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ცოდვასთან შერწყმული ხდება. გაცნობიერება იმისა, რომ ცოდვა ადამიანის შემადგენელი ნაწილი არაა, მეტად აუცილებელია ჩვენთვის, ვინაიდან ეს ფაქტორი ცოდვასთან ბრძოლაში გვეხმარება. უფლის მიერ გონების განათება და ჩვენი ცოდვილობის გაცნობიერება, უწინარეს ყოვლისა, ჩვენივე ნებასთან არის დაკავშირებული, ცოდვა იმდენად სახლდება ადამიანის ნებაში, რამდენადაც ნება ეძლევა და ამიტომ „ნებისყოფის სისუსტეც“ ეშმაკისგან მომდინარეობს.

ყოველ ჩვენგანს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: მაგრამ თუ ჩემი ნება ცოდვასთანაა შეზავებული, მაშ, ჩემი ნებით როგორ შევებრძოლები საკუთარ თავს, ანუ ცოდვასთან შერწყმული ნება თავის თავს ხომ ვერ დაუპირისპირდება? იმისათვის, რომ ნებისყოფა ცოდვის წინააღმდეგ მივმართოთ, აუცილებელია ისევ და ისევ გავაცნობიეროთ, რომ ცოდვა ჩვენი არსების, ჩვენი ნების ნაწილი არ არის. ეს ცოდნა განგვიმტკიცებს ნებას ცოდვასთან დაპირისპირებისას.

ცოდვილი და სულიერად სწორი ცხოვრება – ორივე მათგანი ადამიანის შიგნით, მის სულში მიმდინარეობს, ცხოვრებისეული გარემო არის საშუალება, რომლის მეშვეობითაც ადამიანმა საკუთარ თავში უნდა ჩაიხედოს. უკვე ითქვა, რომ ცოდვა არის განმყოფი, გამაცალკევებელი ძალა. მაგალითად, ადამიანებმა ერთმანეთს აწყენინეს, შეურაცხყვეს და განაწყენებულნი ერთმანეთს დაშორდნენ. ეს უბედურებაა, საიდანაც ჩანს, რომ ცოდვა მართლაც ყოფს და გაყოფის შემდეგ უკვე ბატონობს მათზე. ადამიანი ბედნიერებისათვის არის მოწოდებული და უნდა ისწავლოს თავისი ბედნიერებისათვის ბრძოლა უბედურების, ანუ ცოდვის წინააღმდეგ იმ გარემოში, რომელიც განსაკუთრებით ახლობელია მისთვის.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“

Posted in ცოტა რამ მართლმადიდებლობაზე | Tagged: | Leave a Comment »

ამაოდმეტყველებაზე, მრავლისმეტყველებაზე…

Posted by tamuna2188 on ივნისი 26, 2010

Aaravis albaT eWvi ar epareba, rom Zalian xSirad CvenTiTonve, Cveni grZeli enis gamo xSirad vvardebiT uxerxulobaSi. sxvaze ra vTqva da me bevrjer Semqmnia problemebi magis gamo. ra vqnaT, rogor moviqceT isev gavagrZeloT e.w enawylianoba ris gamoc xSirad vtkenT guls Cven sayvarel adamianebs??? AmodiT gadavxedoT ras gvaswavlian mamebi…..

შენ წარმოთქვი სიტყვა და იგი უკვე არასოდეს აღარ მოკვდება, არამედ იცოცხლებს საშინელ სამსჯავრომდე. იგი შენთან ერთად წარდგება საშინელ სამსჯავროზე და იქნება შენსკენ და შენს საწინააღმდეგოდ.
წმ. თეოფანე დაყუდებულისამოთხეში ბევრია ცოდვებმონანიებული ცოდვილი, მაგრამ მოლაყბე – არც ერთი.
ტროიცკე-სერგიევის ლავრის ბერი ზოსიმენუ მისცემ შენს თავს უფლებას ილაპარაკო და ჩაერიო ისეთ საქმეებში, რომელიც შენ არ გეხება.
ამბა აგაფონ ეგვიპტელი

მრავლისმეტყველების ჟამს ძნელია არ შესცოდო. მაშინ სულში ჩნდება სევდა, რაც წმიდა მღვდელმთავარ თეოფანე დაყუდებულის სიტყვებით, იმის ნიშანს წარმოადგენს, რომ „ამ ლაპარაკის გამო ჩვენ უფალს დავშორდით“.

გადაეჩვიეთ კამათს, იგი აფორიაქებს რა გულს, სულიერ სიმშვიდეს გვართმევს; ყოველგვარ უაზრო ფიქრს იესოს ლოცვა დაუპირისპირეთ.
ს.ა. ნილუსი

ილაპარაკე, თუკი მდუმარებაზე უმჯობესი იცი და სათქმელი გაქვს, მაგრამ გიყვარდეს დუმილი, როცა ის თქმას სჯობს.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

ნურასოდეს ჩაერევი საეკლესიო კამათში იმ ხალხთან, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს. რადგან ასეთი კამათი ვერასოდეს მიგიყვანს დადებით შედეგამდე, იგი მხოლოდ და მხოლოდ აბოროტებს და აღიზიანებს ადამიანებს. ამას კი აუცილებლად უნდა მოერიდო.
დედა ფამარი (მარჯანიშვილი)

მბრძანებლობ კუჭზე? ენაც დაიმორჩილე, რადგან როცა მეორის მონა დარჩები, პირველისგან გათავისუფლება უსარგებლო არ იყოს.
წმ. ნილოს სინელი

ძეო ჩემო! ნუ განამრავლებ სიტყვებს: მრავალსიტყვაობა განაშორებს შენგან ღმერთის სულს.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
ძმათა კრებულში ყოფნისას შეინარჩუნე მშვიდი მდგომარეობა. თუ რაიმეს გამო საჭიროება შეგექმნება, მიმართო მათ, თქვი ამის შესახებ მოკლედ და თავმდაბლობით.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)უფალი მუდამ იცავს შენ სულს, მანამ შენ იცავ შენს ენას.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)არასოდეს დაიფიცო არც იმაზე, რაც საეჭვოა, და არც იმაზე, რაც უეჭველია.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

ძეო ჩემო! უდიდესი მონაპოვარია ისწავლო მდუმარება. მდუმარება – უფლისადმი მიბაძვაა, რომელმაც „არარა მიუგო, ვიდრემდის უკვირდაცა პილატეს“ (მარკოზ. 15, 5)
დაე, შენმა ენამ იხელმძღვანელოს შენი გონებით: სიტყვები დაუფიქრებლად წარმოთქმულნი – კურო და ეკალია.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

მას, ვინც ყურად არ იღებს შენს სიტყვებს, ნურაფერს ეტყვი.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

ნურასოდეს ნუ ისაუბრებ იმ კეთილ საქმეზე, რომლის გაკეთებასაც აპირებ, – აღასრულე იგი ისე, რომ არ განაცხადო წინასწარ.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

მავნეა სიტყვა, რომელსაც არანაირი სარგებლობა არ მოაქვს მსმენელთათვის.
წმინდა ბარსანუფი დიდი

სიტყვა აზრის გარეგნული არსია და როგორც ცუდი აზრისაგან ითესება ჩვენს სულში ცოდვა, ასევე ცუდი სიტყვისაგან ითესება იმის სულში ცოდვა, ვინც ჩვენ გვისმენს.

მრავლისმეტყველება შეაგინებს ადამიანს.
ღირსი ბარსანოფე

ჭკვიანია ის, ვინც ღმერთს აამებს და უმეტესად დუმს, ან თუ საუბრობს, მცირედს საუბრობს, ისიც მხოლოდ საჭიროსა და ღვთისათვის სათნოს.
ღირსი ანტონი დიდი

სულიერ ზრდასა და მრავლისმეტყევლებას შორის – უკუპროპორციულობაა.
მამა ალექსანდრე ელჩანინოვი.

სული წმიდა (ქრისტიანში) არაფრით ისე არ დაიშრიტება, როგორც ამაო საუბრებით.
ღირსი ანტონი დიდი

მრავალმეტყველება განაგდებს მადლს და სპობს სულის სიმხურვალეს.
ბერი პართენი კიეველი

უნდა განიხილო თუ ვის ეუბნები. როდესაც იცი, რომ მსმენელი სარგებლობას ღებულობს, მაშინ ესაუბრე მას, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ნუ ისაუბრებ.
წმ. ბერები ბარსანოფი დიდი და იოანე

მრავალმეტყველება არის საჯდომელი, რომელზედაც ცუდმედიდობას უყვარს გამოცხადება და თავის საზეიმოდ წარმოჩენა. მრავალმეტყველება არის ნიშანი უგუნურებისა, კარი ავსიტყვაობისა, წარმძღვანელი უჯერო სიცილისაკენ, მსახური სიცრუისა, ამომძირკველი გულის სითბოსი, მომწოდებელი მოწყინებისა, წინამორბედი ძილისა, გამფლანგველი ყურადღებისა, გამანადგურებელი გულითადობისა, გაცივება წმინდა სითბოსი, შელახვა ლოცვისა.
წმ. იოანე კიბისაღმწერელი

საკუთარ შეცოდებათა შემცნობელს თავის ენაზეც გააჩნია ძალაუფლება; ხოლო მრავლისმეტყველს ჯერ კიდევ ვერ შეუცვნია, როგორც საჭიროა, საკუთარი თავი.
წმ. იოანე კიბისაღმწერელი

მცირედთ თუ ძალუძთ შეაკავონ წყალი კაშხალის გარეშე; და უფრო მცირედნი არიან ისეთნი, რომელთაც ძალუძთ დაადუმონ თავშეუკავებელი ბაგენი.
წმ. იოანე კიბისაღმწერელი

იბატონე საკუთარ ენაზე და სიტყვებს ნუ განამრავლებ.
წმ. ანტონი დიდი

უფალი მანამდე უფრთხილდება შენს სულს, ვიდრე შენ საკუთარ ენას უფრთხილდები.
წმ. ანტონი დიდი

როგორ დავიცავთ გულს, თუკი ჩვენი ენა ღია კარს ჰგავს?
ღირსი სისოი დიდი

სულიერ ზრდასა და მრავალმეტყველებას შორის უკუპროპორციულობაა. იოლი და მაცდუნებელია სულიერი დაძაბულობის შეცვლა ყბედობით. ეს არის საცდური ყოველი „მასწავლებლობისა“. ამიტომაც მანამდე, სანამ რამეს მოვუყვებოდეთ მოყვასს, უნდა დავფიქრდეთ, გაამდიდრებს თუ არა სულიერად მას ეს ნაამბობი და მართლაც საჭიროა თუ არა იცოდეს ეს ამბავი რაიმე სერიოზული მიზეზის გამო.
მამა ალექსანდრე ელჩანინოვი

 

 

Posted in ცოტა რამ მართლმადიდებლობაზე | Leave a Comment »

როგორ დავწეროთ CV

Posted by tamuna2188 on ივნისი 25, 2010

როგორ დავწეროთ CV

CV განკუთვნილია იმ პირისათვის თქვენს შესახებ მოკლე, საბაზისო ინფორმაციის გასაცნობად, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს გარკვეულ სასწავლო ან/და საგრანტოსასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის შესახებ თქვენს მიერ წარდგენილი მიმართვა. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თქვენი CV იყოს მაქსიმალურად ნათელი, ლაკონური, არათხრობითი სტილის მქონე, სტრუქტურულად გამართული დოკუმენტი.

აღსანიშნავია, რომ CVის შედგენის შესახებ არ არსებობს უნივერსალურად დადგენილი, დეტალებზე შეთანხმებული წესი. შეუძლებელია, ვინმემ, მათ შორის მე, გირჩიოთ ყველანაირი კომისიისათვის თანაბრად მოსაწონი ვარიანტი. თუმცა, მეტნაკლებად დამკვიდრებული ძირითადი წესების გამოკვეთა, რაც გაადვილებს სტუდენტის ამოცანას, მაინც შესაძლებელია და სწორედ ეს არის ამ დამხმარე სტატიის მთავარი მიზანი.

სტრატეგიის უმთავრესი ერთეულები:

პირველ რიგში: იყავით კეთილსინდისიერები! ნუ გადააჭარბებთ და გააზვიადებთ თქვენს მიღწევებს. ’საკუთარი მონაცემის ცოტათი გაზვიადება’, ’მაჩვენებლის ცოტათი მომატებადა მისთანანი, თუნდაც, ერთი შეხედვით, უბოროტო და შეუმჩნეველიგაძლიერებანიშნავს საბუთების გაყალბებას, რასაც დასავლური საგანმანათლებლო სისტემა არ პატიობს! ერთადერთი, რაც შეგიძლიათ, არის თუნდაც მნიშვნელოვანი, მაგრამ აშკარად წამგებიანი დასუსტიმხარეებისთვის თავის არიდება, თუკი მათი მითითება ცალსახად მოთხოვნილი არ არის.

კომპაქტურობა:

სასურველია, CV არ იყოს ორ გვერდზე მეტი მოცულობის. ბუნებრივია, ის შეიძლება ოთხ ან მეტ გვერდსაც შეადგენდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კონფერენციაში მონაწილეობასთან, სამეცნიეროკვლევითი/ანალიტიკური სტატიების გამოქვეყნებასა და სხვა სახის საქმიანობასთან დაკავშირებული გამოცდილება და შესაბამისი, მისაწოდებელი აუცილებელი ინფორმაცია უხვად გაქვთ. შეეცადეთ, შეხედოთ დოკუმენტს იმ მკითხველის თვალით, რომელსაც დროის უაღრესად მოკლე დროში უწევს მასთან გაცნობა.

ადეკვატურობა:

შეუძლებელია ყველა საპროგრამო/საგრანტო/სასტიპენდიო განაცხადისათვის შესაფერისი ერთი სტაბილური ფორმატის მქონე რეზიუმე გქონდეთ. მისი მუდმივი მოდიფიცირება მიზანშეწონილია როგორც პირადი წინსვლის და ბიოგრაფიის გამდიდრების, ასევე კონკრეტული შემთხვევის (მიზნის, პროგრამის) შესაბამისად. ამ თვალსაზრისით, მხედველობაში იქონიეთ შედარებით ნაკლებად გადამწყვეტი ინფორმაციის მატარებელი ერთეულების CVდან ამოღების შესაძლებლობა. მაგ. თუ CVის სამაგისტრო პროგრამისთვის განკუთვნილ განაცხადს ურთავთ, არ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, მიუთითოთ, რომელი დაწყებითი/საშუალო სკოლა დაამთავრეთიმთავითვე იგულისხმება, რომ სკოლა დამთავრებული გაქვთ (თუმცა ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ საშუალო განათლების მითითება უხეში შეცდომაა!). მთავარია უკანა რიგით შემდგომი, წარმატებით დაძლეული საფეხური და შესაბამისი (მაგ. ბაკალავრის) დიპლომი მიუთითოთ (შესაბამისი სპეციალობის სრული და ზუსტი დასახელების მითითებით. იხ. შაბლონი).

 

თანმიმდევრულობა და გამართული სტრუქტურა:

როგორც აღინიშნა, უნივერსალური წესები არ არსებობს, თუმცა შეთანხმებული (კონვენციური) ფორმების გამოკვეთა შეიძლება, გამომდინარე CVის სტრუქტურის ერთეულების პრიორიტეტულობიდან (მაგ., ბუნებრივია, პირველ რიგში იწერება პირადი, ძირითადი ინფორმაცია (სახელი, მისამართი, მოქალაქეობა და .., ხოლო შემდეგ დანარჩენი), შეგიძლიათ დაიხმაროთ შაბლონი (MS/Word), თუმცა ნიმუშის გაცნობისას, ამავე დროს, პრაქტიკულია, გაითვალისწინოთ შემდეგი ნიუანსები, რომელიც თქვენს ინდივიდუალურ კითხვებს უფრო გასცემს პასუხს:

 

ა) პირადი ცნობები

მოქალაქეობის გრაფაში მითითების სწორი ფორმაა Georgia (და არა Georgian)

მიუთითეთ მუდმივი საცხოვრებლის მისამართი (საფოსტო ინდექსითურთ), მაგრამ თუკი განაცხადზე პასუხის მიღების ვადებში/ხანგრძლივად სხვაგან დაბინავდებით, ხოლო კორესპონდენციის ფორმა არაელექტონული, ტრადიციული ფოსტაა, მიზანშეწონილია ასევე დროებითი საცხოვრებელი ადგილის მისამართის მითითებაც. მისამართის მითითების წესი და თანმიმდევრობა: ნომერი (ქუჩის), ქუჩის სახელი, საფოსტო ინდექსი, Tbilisi, Georgia ან ქუჩის სახელი, ნომერი, საფოსტო ინდექსი, Tbilisi, Georgia. მაგალითად: 5Gotua Street, 0160, Tbilisi Georgia… ან Gotua Street 5, 0160, Tbilisi Georgia. რაც შეეხება გრძელ მისამართებს, ისეთს როგორიცაა მაგ. დიღმის მასივი, მე-3 კვარტალი, მე12 კორპუსი, ბინა 24, 0159, თბილისი საქართველო

 

– მიღებული სტილი:

კარგი იქნება, თუ ამ პირველ სექტორს (’პირადი ცნობები’) შედარებით პატარა ზომის ფონტით შეავსებთ, ანუ გამოყოფთ სხვა სექტორებისგან, ხოლო, ამავდროულად, სახელს და გვარს მსხვილი შრიფტით (Bold) აკრეფთ.

თუ CVის ზომის მაქსიმალურად დაპატარავება გსურთ, შეგიძლიათ სათაურად ატანილი Curriculum Vitae წაშალოთ. სტრუქტურის გამართულუბის შემთხვევაში, კომპეტენტური პირი თვალის ერთი გადავლებითაც მიხვდება, რა სახის დოკუმენტთან აქვს საქმე. შესაბამისად, ამის ნუ შეგეშინდებათ. აქვე შეგახსენებთ, რომ ეს მხოლოდ მცირეფექტიანი, პატარა ტექნიკური ხერხია, ისევ და ისევ: ყურადღება მიაქციეთ, რომ CV არ იყოს თხრობით, ნარატიულ სტილში, პირველ პირში მოთხრობილი ტრადიციული ქართული (საბჭოთა) ფორმატის ბიოგრაფიაამით მისი სიგრძე უსაშველოდ გაიზრდება, და, რაც მთავარია, დიდი შანსია, რომ არც არავინ წაიკითხოსფორმატის დარღვევა უხეში შეცდომაა.

 

ბ) განათლება

თქვენი მომავალი CV განკუთვნილია იმ ადამიანისთვის, ვისაც, პირველ რიგში ევალება თქვენი განათლების დონის შეფასება. შესაბამისად, ეს დოკუმენტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. რეკომენდებულია ერთეულების ქრონოლოგიური უკუსვლით ჩამოწერა (ყველაზე გვიანი ზემოთ. იხ. შაბლონი) და რაც მთავარია, ამგვარი (ან თუნდაც საპირისპირო) სტილის ერთგვაროვნების ყველგან დაცვა.

 

გ) ”წარმატებები და გამოცდილება”

წარმატებებისა და გამოცდილებისსექტორი შეგიძლიათ ორად გაყოთ, გააჩნია, როგორ გაწყობთ. თუ ბევრი არაფერი გაქვთ საწერი ამ თვალსაზრისით, შთაბეჭდილების გასაძლიერებლად, სჯობს, ’გაამსხვილოთერთ კატეგორიაში, როგორც აქ არის ფორმულირებული. პრიზები, .. ’დიპლომები’, სერთიფიკატები (არა ენაში კომპეტენციის!), ექსპედიციები (მხოლოდ რელევანტური! არავის აინტერესებს, გასართობად სად იბანაკეთ!), ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებები ამ სექტორში შეიტანეთ. შეეცადეთ, მაქსიმალურად კონკრეტული ინფორმაცია მიუთითოთ (მიღების დრო, ადგილი, ღონისძიების ორგანიზატორი).

როგორც წესი, მიღებულ სტიპენდიებსაც აქ წერენ, თუმცა პირადად მე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი სასტიპენდიო პროგრამები საგანმათლებლოა და აკადემიური ხარისხისა და დიპლომის მოპოვებით სრულდება, მათ შესახებ ინფორმაციაგანათლებისსექტორში მაქვს ინტეგრირებული.

 

CV გარკვეულწილად გააძლიერებს შემდეგი მიდგომა: ყველანაირი მიღებული გამოცდილება (ოლიმპიადა, შეჯიბრი და ..) ყოველთვისტრიუმფალურიდამედლიანივერ იქნება; ნურც მონათლავთ ასეთად, მაგრამ ნურც დააკნინებთგამოცდილება და პრაქტიკის გავლა ყოველთვის პოზიტიურია და თუკი რამ გაქვთ, გამოყავით ცალკეგამოცდილებადა დაწერეთ! CV უნდა იყოს გამოცდილებით და პარქტიკით უხვი და არასუპერმენისბიოგრაფია; დაივიწყეთ მცდელობა, თავი წარმოაჩინოთ იმაზე გამორჩეულ და შთამბეჭდავ პიროვნებად, ვიდრე თქვენი ფორმალური სტატუსი ამას მოითხოვს. ეს შეეხება სამუშაო გამოცდილებასაცამ შემთხვევაში თითქმის არ არსებობსარაპრესტიჟული სამსახური’, ყველანაირი სამსახურეობრივი, თუნდაც დროებითი გამოცდილება ვერ იქნება პროფესიული, პრაქტიკული კომპეტენციის მანიშნებელი და ამას არც არავინ ელის ახალგაზრდა სტუდენტისგან, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ეს კონკურსის დროს ქართულ დიპლომებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

) უცხო ენები

ბოლო წლებში უცხო ენაში კომპეტენციის გასარკვევად თვითშეფასებისთვის სულ უფრო ნაკლები ადგილი რჩება. ძირითადად, ეს სფერო სერთიფიცირებულია და, რა ხანია საერთაშორისო სტანდარტიზაციის გზას ადგას. იშვიათ შემთხვევაში, თუკი კონკრეტული სერთიფიკატის სპეციფიკური დონე არ არის მოთხოვნილი ან/და ენაში ტესტირება მხოლოდ საბუთების გადარჩევის შემდეგ გელით, ამავდროულად კი CVის კონკრეტული შაბლონი კონკურსის ორგანიზატორების მიერ არ არის მოწოდებული, სადაც ყველანაირი შეფასების გრაფა (და შესაბამისი ფორმატი და სტილი) მოცემულია, მაშინ შეაფასეთ თქვენი თავი პირობითი/ზოგადი სკალირების რამოდენიმე დონით (beginner/conversational, intermediate, advanced, fluent ან ეკვივალენტური, სტანდარტული დახასიათებით).

ზემოთ ჩამოთვლილი სექტორები ძირითადი და აუცილებელია. როგორც წესი, სპეციალური უნარჩვევების (კომპიუტერის ფლობა და ..) და ჰობის განყოფილებათა დართვა მეტნაკლებად ინდივიდუალური არჩევანის საგანია, ამავდროულად, როგორც წესი, რეკომენდებული და სასურველი. ერთადერთი ამოცანაა, ამ საქმეშიც რაციონალურობა გამოიჩინოთ და განაცხადის მიზნებთან მაქსიმალურად ახლოს დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოთ. მაგალითად, Windows-ის საოფისე პროგრამების კარგად ფლობა, აკადემიური წერის დასავლური სტანდარტების ცოდნა და ბიბლიოთეკაში დამოუკიდებლად მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქ მხოლოდ საქმეს წაადგება; პერსონალური ჰობის მითითებისას პრიორიტეტი (რა თქმა უნდა, რეალობის შესაბამისი) ისეთი საქმიანობის აღნიშვნას მიანიჭეთ, რომელიც სტერეოტიპულ პოზიტივზეა გათვლილი; მაგ. თუ ლუდის ბანკების კოლექციონირება და ჭადრაკის თამაში გიტაცებთ, იმთავითვე გასაგებია, რომელი უფრო შთამბეჭდავი იქნება ნუ დაწერთ, რომკითხვა გიყვართ’, ცოტათი დააკონკრეტეთსამეცნიერო თუ ბელეტრისტიკაან ერთიორი ჟანრი ახსენეთ, მოკლედ, თავად უკეთ იცით

სააპლიკაციო დოკუმენტების სისრულე:

ეს საკითხი უშუალოდ CVის გამართულად და ხარისხიანად შედგენის ამოცანას არ ეხება, თუმცა მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ: რეზიუმე არ წარმოადგენს .. ’სამოტივაციო წერილს’, ხოლო ეს უკანასკნელი, როგორც წესი, სტანდარტული, მოთხოვნილი დოკუმენტია, სადაც უფრო დეტალურად, თხრობით და არგუმენტირებულ სტილში ასაბუთებთ თქვენს სურვილს (არა უბრალოდ სურვილს, არამედ იმას, თუ რატომ გსურთსაფუძველს, მოტივაციას!), მონაწილეობა მიიღოთ გარკვეულ სასწავლო/საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამაში. თუ გამოქვეყნებულ განცხადებაში სამოტივაციო წერილი (motivation letter, cover letter) მიწოდების მოთხოვნა არ არის, 95%-იანი შანსია, რომ მისი გაგზავნა მართლაც არ იყო საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში საკონკურსო/საკომისიო პირისათვის/ჟიურისთვის ის იქნება არასასრუველიმაკულატურა’. მაგრამ (!) დაბეჯითებით გირჩევთ, მრავალგზის გადაამოწმოთ მოთხოვნის პირობები. თუკი რამ გაეჭვებთ, პროგრამის საკონტაქტო პირთან ელფოსტის საშუალებით კომუნიკაცია არასდროს არის წამგებიანი.

 

დროის მენეჯმენტი:

ყურადღება მიაქციეთ, რისთვის წერთ CV! ვადები ყოველთვის დათქმულია, ამიტომ თადარიგი დაიჭირეთ. თუ ატყობთ, რომ, ჩვენი ბიუროკრატიის გადამკიდე, რომელიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტის (მაგ. დიპლომის და ნიშნების ფურცლის ნოტარიალურად დამოწმებული ასლის) დართვა სააპლიკაციო საბუთებში ვერ ესწრება, მიმართეთ სასტიპენდიო/სასწავლო პროგრამის კონკრეტულ საკონტაქტო პირს და ჩააყენეთ საქმის კურსში. როგორც წესი, კომპრომისზე მიდიან. თუკი შედარებითნაკლებად სასიცოცხლოდოკუმენტების (სერთიფიკატების, კონკურსებში გამარჯვების მოწმობების და ..) დართვას ვეღარ ახერხებთ და მათი არარსებობა თქვენს CVის იმთავითვე არდაბრაკავს’, ამ დროს კი გაცილებით გადაუდებელი საქმე გაქვთ, შეგიძლიათ მიუთითოთ – available at request.სულ ეს იყო. ბუნებრივია, კიდევ ათასი დეტალია. ამ წერილის მიზანი მხოლოდ დამწყებთათვის დახმარების გაწევაა, მათთვის, ვისაც CV მომზადების მცირე გამოცდილება აქვს.

გისურვებთ წარმატებებს!

Posted in კარიერა | 4 Comments »

როცა ამა თუ იმ კაცზე რისამე თქმა გინდოდეს, პირველად იფიქრე, ვითომ ის კაცი შენ წინა დგას

Posted by tamuna2188 on ივნისი 14, 2010

მაქსიმე შარაძეიშვიათია ისეთი სულიერი ადამიანი, როგორიც გახლდათ მაქსიმე შარაძე. პირველ ქრისტიანთა დარი რწმენა ჰქონდა, იმათგვარი, პავლე მოციქული წმინდანებს რომ უწოდებს. მის თანამედროვეთაგან თითო-ოროლამ თუ იცოდა მაქსიმეს ფასი, მისი გარდაცვალებაც დიდად არ უგლოვიათ, იმდროინდელ პრესაში ერთი ხეირიანი ნეკროლოგი არავის გამოუქვეყნებია კუკიის სასაფლაოზე მიუჩინეს განსასვენებელი და მისი საფლავი უყურადღებობით დაიკარგა…მაქსიმე შარაძე გურიაში, სოფელ ეწერში დაიბადა 1859 წელს. დედამისი, ნინო, დიდად მორწმუნე ქალი იყო, მხნე, გამრჯე, მლოცველი. სიყრმიდანვე ჩაუნერგა შვილს ღვთისა და კაცის სიყვარული. მაქსიმე ნიჭიერი, დაუზარელი, მშვიდი და ჭკვიანი ბავშვი ყოფილა, თვალს მოფარებული ხშირად დაიჩოქებდა და ლოცულობდა თურმე. ღმერთო, კაი ჭკუა მომეცი და კარგი კაცი გამომიყვანეო. ლოცვის შემდეგ სახე უბრწყინავდა. ერთხელ მარჩენალი ძროხა დაეკარგათ. ბევრი ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს. „შვილო, – უთხრა დედამ, – შენ ჯერ პატარა და უცოდველი ხარ, შეეხვეწე უფალს, იქნებ ძროხა გაპოვნინოსო“. მაქსიმე მაშინვე გაექანა ტყისაკენ, დაიჩოქა ტყის პირას, შეეხვეწა უფალს, ძროხა ეჩვენებინა და აღუთქვა: სამაგიეროდ, მამასავით შეგიყვარებ და შვილივით გემსახურებიო. გაათავა ლოცვა, წამოდგა ფეხზე და ძროხის ბღავილიც მოესმა. „ღმერთო, იქამდე იბღავლოს, სანამ თავზე არ წავადგებიო“, – ინატრა ბიჭმა და ეს წადილიც შეუსრულდა. ძროხა ტალახში ჩაფლულიყო. დაიჩოქა და: „გმადლობ, ღმერთო, რომ მაპოვნინე, ეგ სიკეთე არასოდეს დამავიწყდებაო“.

9 წლისა სოფელ კახურის სასწავლებელში შეიყვანეს. კახურს იმიტომ უწოდებდნენ, რომ სოფლის ეკლესიაში კახეთიდან მობრძანებული წმინდა გიორგის ხატი ესვენა. სწავლა ძალიან უყვარდა მაქსიმეს და მასწავლებელს უჩიოდა, იმდენს არ გვასწავლის, რამდენის სწავლაც შემიძლიაო. ნაწყენმა მასწავლებელმა ჯერ სცემა, მერე კი ცალკე, დამატებით დაუწყო სწავლება. ბიჭმა სასწავლებელი დაამთავრა და დედაც გარდაეცვალა. ცოტა ხნის შემდეგ მამამ ოზურგეთის სამკლასიან სასწავლებელში შეიყვანა, მაგრამ სიღარიბის გამო ვერ დაასრულებინა და ბავშვი მეზობელ ვაჭარს გააყოლა ბათუმის მახლობლად, სოფელ შეკვეთილში. ალალმართლობით და ერთგულებით მაქსიმემ ვაჭრის დიდი ნდობა დაიმსახურა. მერე 6 წელი ხაშურში დაჰყო. ბიბლიის და გაბრიელ ეპისკოპოსის „ქადაგებების“ კითხვამ უფრო შეაყვარა მარხვა და ლოცვა, შესძინა ცოდნა. იქაურ მეგობრებს უკითხავდა „ქადაგებებს“ თუ საღმრთო წერილს. ყმაწვილს ებრაელი ახალგაზრდებიც ყურადღებით უსმენდნენ.

ხაშურიდან მაქსიმე თბილისში წავიდა და მეფისნაცვლის სასახლეში მოსამსახურედ დადგა, სადაც ყველას შეუყვარდა. საჭმელ-სასმელი თავზე საყრელად ჰქონდა, მაგრამ მარხვასა და ყველა საღმრთო მცნებას მტკიცედ იცავდა. რამდენიმე წლის შემდეგ ავად გახდა. დაღონებული სოფელში წავიდა. წმინდა გიორგის ეკლესია მოილოცა, დროშა შესწირა ტაძარს, მღვდელს შესამოსელი უძღვნა. ახლობლებმა ბევრი უწამლეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ მის სნეულებასთან, ბოლოს, მღვდელმა უთხრა: „ტყუილად წუხხართ მაგისთვის. მაქსიმეს არაფერი სტკივა, ეგ მეტისმეტად მორწმუნე კაცია, უეჭველი რწმენით სწამს ღმერთი და მისგან დადებული საუკუნო ნეტარება და საუკუნო სასჯელი. ამ სარწმუნოების მიზეზით წუხს. კაცებრივი ბუნება ვერ იტევს ამისთანა მგზნებარე სარწმუნოებას და ავად ხდება, საუკუნო ნეტარება არ დავკარგო და საუკუნო სასჯელში არ ჩავვარდეო… მაგას ხორციელი მკურნალი არ უნდა, სულიერი ნუგეში ეჭირვება, რადგან სულ მცირე, უმნიშვნელო შეცდომა ისე დიდად წარმოუდგენია, როგორც მომაკვდინებელი ცოდვა“. მღვდელმა უწირა, ულოცა, ზეთი უკურთხა, შემდეგ დაარიგა და გაამხნევა. მაქსიმემ დიდი ნუგეში და სიხარული იგრძნო.

გავიდა ხანი. მაქსიმემ სოფლის დატოვება განიზრახა, ეკლესიები მოილოცა, შუაღამისას ადგა და ქუთაისის გზას ფეხით გაუდგა. მეორე დღეს ნათესავებმა მისი წერილი მიიღეს: „მე დღეის შემდეგ ამ ქვეყანაზე აღარა ვარ, ყველამ მკვდრად ჩამთვალეთ, რადგან ღვთის შეწევნით საუკუნო ცხოვრების გზას დავადექი“. მაქსიმეს სამტრედიის ახლოს ერთი საწყალი კაცი შეხვდა. თავისი ტანსაცმელი ძველ სამოსში გაუცვალა და გზა განაგრძო. გელათი და მოწამეთა მოილოცა. იქაურ ბერებს შესჩივლა, – მინდა აღვასრულო ღვთის მცნებანი, ვიცხოვრო ისე, როგორც მისთვის არის სასიამოვნო, მაგრამ ბევრი რამ მაბრკოლებსო. ბერებმა გაამხნევეს: ღვთისმოყვარეობას მტკიცედ დაადექი და ნურაფრისა გეშინია. როცა სულითა და გულით ღმერთს მიენდობი, შენი მზრუნველი და მფარველი ის იქნებაო. სულით გამხნევებული ქუთაისისკენ დაეშვა. რამდენიმე დღე მშიერი დადიოდა. ფული არ ჰქონდა და ისე არავინ შეიწყალა. თავის თავს შეუძახა გამხნევდი, არ გაახარო ბოროტი სული, მას უნდა, გაჭირვებით ცოდვაში ჩამაგდოსო. გაჭირვებას ლოცვით იქარვებდა.

ბოლოს, როგორც იქნა, ერთ პატიოსან მოქალაქესთან იაფი სამუშაო იშოვა. ამ კაცმა შეამჩნია, რომ მაქსიმე შუაღამისას ფანჯრიდან გადაიპარებოდა და სადღაც მიდიოდა. ეტყობა, ქურდობსო. ადგა და ჩუმად გაჰყვა. მაქსიმე მივიდა მთავარანგელოზის ეკლესიაში, ცისკრის ლოცვაზე გულხელდაკრეფილი და მუხლმოდრეკილი ლოცულობდა. კაცმა არ დაიჯერა, მეორედაც გაჰყვა და ისევ ტაძარში რომ მივიდა, მაშინ გააფრთხილა სახლეულნი, ეგ ღვთის კაცია და პატივისცემით მოექეცითო. მაქსიმე მიხვდა, შეიტყვეს ჩემი ამბავი და ასეთი პატივით იმიტომ მექცევიანო. მიუხედავად სახლის პატრონის თხოვნისა, მიატოვა ქუთაისი და თბილისისკენ წამოვიდა ფეხით. ჯამაგირი გლახაკებს დაურიგა, თვითონ კი გზადაგზა დღიურად მუშაობდა. თბილისში ადგილი იშოვა „ერთ დიდ, შეძლებულ კაცთან“ (ილია ჭავჭავაძესთან). იქ მას ცალკე ოთახი მისცეს. რადგან ზნეკეთილობა შეამჩნიეს, არაფერს უშლიდნენ და მაქსიმემაც თავისი საქმე განაგრძო. რა იყო ეს საქმე? ღვთის სიტყვის ქადაგება. მისი პატარა ოთახი ყოველ საღამოს ხალხით იყო სავსე, ვეღარც ეტეოდნენ საღმრთო წერილის სწავლისა და სახარების სიტყვის მოსმენის მსურველნი. თუ სადმე ქალაქში წმინდათა ცხოვრების ამსახველი წიგნები იყიდებოდა, ყველა შეიძინეს. მაქსიმე ისე ლმობიერად ქადაგებდა, რომ მსმენელთ გულში ღვთის შიში და სიყვარული ენერგებოდათ. იმის დასტურად, თუ რამხელა ძალა ჰქონდა მის ნათქვამ სიტყვას, ერთ ამბავს გავიხსენებთ. ერთხელ მაქსიმე ბილიარდის მოთამაშეებთან შევიდა და უთხრა: აბა, ძმებო, გთხოვთ, ყური დამიგდოთ, კაი ამბავი უნდა წაგიკითხოთო. მათ ბილიარდის თამაში შეაჩერეს და მაქსიმემ დაიწყო წმინდა გიორგის ცხოვრების კითხვა. მოთამაშეებმა ტირილი დაიწყეს, ჯოხები დაყარეს და მას მერე მაქსიმეს აღარ მოშორებიან.

როცა ღვთისმოყვარეთა გუნდი ძალიან გამრავლდა, მაქსიმემ თქვა: ამდენ ხალხს ეს ოთახი ვეღარ გვიტევს. კარგი იქნება, ერთი „უფასო საღმრთო წიგნთსაკითხავი“ და საგალობელი კაბინეტი დავაარსოთ. მე თვეში 25 მანეთი მაქვს ჯამაგირი და მას მთლიანად ამ საქმეს შევწირავ, ოღონდ თქვენც დამეხმარეთო. შეიძინეს სასულიერო წიგნები, გაზეთები. ეს ამბავი ეგზარქოსის ყურამდე მისულა, იფიქრეს, ალბათ სექტანტური ორგანიზაციააო და მისი მოთავე მაქსიმე შარაძე დააპატიმრეს, შემდეგ კი ეგზარქოსს წარუდგინეს. მან რომ ნახა, ეკლესიის საწინააღმდეგოს არაფერს სჩადიოდნენ, ნება დართო მოქმედებისა და მეთვალყურედ ორი დეკანოზი დაუდგინა. ერთი, პეტრე კონჭოშვილი, ხშირად მიდიოდა მათ „კაბინეტში“ და მრავალ სასარგებლო რამეს ასწავლიდა ახალგაზრდებს.

აღსრულდა მაქსიმეს ოცნება – ადამიანებმა ღვთის სიტყვის სწავლა დაიწყეს. ერთხელ, საუბრისას, გულისნადები გაუმხილა მეგობრებს. მოუყვა იმ სულიერ ფერისცვალებაზე, თვითონ რომ განიცადა, ცოდვისაგან განშორებამ მის გულში ხომ უდიდესი სიხარული დაბადა და შეკრებილთაც მოუწოდა, – განეშორეთ ცოდვას, შეინანეთ და მაშინ ჰნახავთ, როგორ აღგიტაცოსთ გამოუთქმელმა სიხარულმა, იმისთანა სიხარულმა, რომლის მსგავსი არ გაჩენილა ჯერ თქვენში, და არც გაჩნდებოდა, ათასი წელიც რომ გეცოცხლნათ, სანამ არ დაადგებოდით ღვთის გზას. ადამიანს გააბედნიერებს ღვთის სამსახური. ბედნიერია და ღირსი ქებისა ის, ვისაც მთელი სიცოცხლე შეუწირავს ჭეშმარიტებისთვის. ჩვენი მოშივებული სული თხოულობს ღვთის სამსახურით და კეთილის საქმეებით გაძღომას და თუ ეს არ შეუსრულდა, მაშინ სული საშინელ მოწყინებაშია, სწუხს თვის სიღარიბეს… მაშ გავამხიარულოთ იგი ჩვენის უმანკო და წმინდა ცხოვრებით და შევაერთოთ ღმერთთან ჩვენი ცხოვრება, იესო ქრისტეს ცხოვრებასთან მიმსგავსებით… ღმერთო, რა კარგი იქნებოდა, როგორც მოქადაგე ლაპარაკობს აღტაცებით, ისე აღტაცებით მაყურებელიც ისმენდეს! სწორედ რომ ანგელოზები გავხდებოდით ყველანი. წარმოიდგინეთ ჩემი განუზომელი სიხარული, როცა ვნახავ ჩემის სიტყვებით აღტაცებულს!.. სულის ცხონება თურმე აქაც შეიძლება. მოიძულოს კაცმა ყოველი ცოდვა, განიწმინდოს მარხვით და სინანულით თავი თვისი, აღასრულოს ღვთის მცნება უნაკლულოდ, ქმნას იმდენი კეთილი საქმე, რამდენიც კი შეუძლია და ნამდვილად ცხონდება ამ სოფელში. უდიდესი ყველა კეთილ საქმეში კი არის კაცის დარიგება და მისი სარწმუნოებაზედ მოყვანა…“

მაქსიმე ყოველ ცისმარე დღეს ღვთის დიდებით იწყებდა, ჩაფიქრდებოდა, იქნებ გუშინდელზე უკეთესი გავხდეო. ადიდებდა ღმერთს, შემდეგ კი შეუდგებოდა დაკისრებულ საქმეს. კაცს რომ გაიცნობდა, ოცნებობდა, ღვთის გზაზე როგორ დავაყენოო. ხშირად, მისდა გასაკვირადაც, მისი ქადაგება ადამიანებს უფლისაკენ მოაქცევდა. ყველა უყვარდა – ბოროტიც კი, რადგან მხოლოდ სიყვარულით შეეძლო მისი ბოროტებისაგან მოქცევა და კეთილ გზაზე დაყენება. მთელ დღეს ღვთისა და კაცის სამსახურში რომ განლევდა, საღამოთი უფლისა და კაცის სიყვარულით, მეტისმეტი ბედნიერებით და სიხარულით თავს ძლივს იმაგრებდა. ეგონა, ცაში ანგელოზებთან ერთად დავფრინავო. განსაცდელები არ აკრთობდა, უფრო აქეზებდა და ხელს უწყობდა ღვთის სამსახურსა და კეთილ საქმეში. მის უზომო ბედნიერებას აბრკოლებდა სხვებზე დარდი და წუხილი – რატომ სხვებიც კეთილად არ ცხოვრობენო.

წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

აი, ასეთი მართალი კაცი ემსახურებოდა წმინდა ილია მართალს. „დიდი ნდობა ჰქონდათ ილიას და მის სახლობას მაქსიმესი, ყველანი შვილსა და ძმასავით უყურებდნენ. ილია რომ სხვაგან წავიდოდა, მთელ ქონებას მაქსიმეს ჩააბარებდა. ოჯახის საქმეებსაც ყურს უგდებდა და უფროსი მოურავიც იყო ილიას სახლში“. ეს ნდობა წმინდა ილიას ერთმა შემთხვევამაც გაუმყარა. ორი წლის სამსახურის შემდეგ მაქსიმეს მისთვის უთქვამს: „თქვენთვის, თქვენის მონდობილობით, სანოვაგეს, სურსათს და ათას რამეს რომ ვყიდულობდი, ფულს გადავარჩენდი ხოლმე და ოც თუმანზე მეტი შევკრიბე. ახლა ვგრძნობ, რომ ასეთი საქციელი დიდი ცოდვაა და ამიტომ გიბრუნებთ ამ ფულსო“. ილიამ ფული ჯიბეში ჩაიდო და უთხრა: „კარგად მოქცეულხარ, ასე სჯობსო“. „ივერიის“ თანამშრომლები ალაპარაკდნენ: რა ძუნწია ილია, ამ ფულიდან მაქსიმესთვის რამე ეჩუქებინაო. ეს თურმე ილიამაც გაიგო და უთქვამს: „როგორ, მოპარული რომ უკან დამებრუნებინა, თუნდაც ნაწილი, განა ამით შეურაცხებას არ მივაყენებდი? ის კაცი მართალ გზას დასდგომია და ჩემის ასეთის უმართებულო საქციელით ამ მართალ გზას ხომ არ გადავაცდენდიო“. სამაგიეროდ, ამის შემდეგ ილიამ მაქსიმე რედაქციის მოლარედ დანიშნა და ისე ენდობოდა, რომ სტამბისთვის მსწრაფლმბეჭდავი მანქანის შესაძენი 3000 მანეთის თავდებადაც დაუდგა. მაქსიმე იყო ილიას ყოველდღიური ტიტანური შრომის თვითმხილველი. „კაცო, რაზე ჩამკალ, ვერ მეტყოდი, კმარაო?“ – უსაყვედურა ერთხელ შემოთენებულმა ილიამ. მაქსიმე თურმე რამდენჯერმე შესულა, მაგრამ ისე იყო გართული ილია საქმეში, ვერ გაებედა „კმარას“ თქმა. მაქსიმე „ივერიის“ ხაზინადარიც იყო და ექსპედიტორიც. ოთხი კაცის საქმეს აკეთებდა – ასოთამწყობიც იყო და კორექტორიც. „სწორედ წარმოუდგენელია, საიდან ჰქონდა ესოდენი ძალა და ღონეო, – ჰკვირობს მისი ერთი თანამედროვე, – იმისი სახელი ყოველი მხრის მოისმოდა: რედაქციიდან, ილიას სახლიდან, სტამბიდან და ყველა მომავალ-წამავლისაგან“.

„უფასო საღმრთო წიგნთსამკითხველოს“ საქმეც კარგად მიდიოდა, მრავალი ახალგაზრდა დააყენა მან ღვთის გზაზე, ამ სამკითხველოში გალობასაც ასწავლიდნენ. ერთხელ, გიორგობას, ქაშუეთში მელქისედეკ ნაკაშიძის გუნდის გალობისთვის მოუსმენია მაქსიმეს. გული აუჩუყდა, ატირდა თურმე რა კარგი გალობები გვქონიაო. წირვის შემდეგ მელქისედეკს გამოეცნაურა და თავისთან მიიწვია მასწავლებლად. მართლაც, მელქისედეკის მეცადინეობით ბევრმა ახალგაზრდამ შეისწავლა გალობა. განსაკუთრებით სწრაფად სწავლობდა მაქსიმე და მასვე ავალებდა მელქისედეკი, რომ სხვებისთვისაც ესწავლებინა.

სამკითხველოს ხშირი სტუმრები იყვნენ წმინდა ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე) და მისი ძმისწული ლეონიდე. წმინდა მღვდელმთავარი დიდად ხარობდა ახალგაზრდების მონდომებით და ამხნევებდა მათ. მელქისედეკისაგან ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში ბევრი საგალობელი დაისწავლეს. მაქსიმეს შედგენილი გუნდი მისივე ლოტბარობით გალობდა თბილისის სხვადასხვა ეკლესიაში. როცა 1893 წელს განჯიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხედარი გადმოასვენეს, მის ნეშტს დიდუბის ეკლესიისკენ შარაძის გუნდიც მიაცილებდა გალობით. მაქსიმე თბილისის სემინარიის გალობის მასწავლებლადაც აირჩიეს და ისიც მეტისმეტი გულმოდგინებით ასწავლიდა სემინარიის შეგირდებს, ცდილობდა ღვთისა და სამშობლოს სიყვარული ღრმად ჩაენერგა მათ გულებში.

გადიოდა დრო, ზოგიერთი ამხანაგი ჩამოშორდა წიგნთსაკითხავს. ბევრს საწევრო ფულიც არ შეჰქონდა. ის კი თავის ჯამაგირს უდრტვინველად იხდიდა ოთახის ქირაში. ნუგეშობდა და ხარობდა მხოლოდ იმით, რომ ყოველ მსურველს გალობა ესწავლა. თუ ვინმე ფულის შეუტანლობისთვის ბოდიშს მოიხდიდა, ეტყოდა: ნურავის შეაწუხებთ ფულისთვის, მე გადავიხდიო,

წიგნთსაკითხავის დაარსებისთანავე მაქსიმემ წმინდანთა ცხოვრებისა და ზნეობრივი წიგნების თარგმნასა და გამოცემას მიჰყო ხელი. სტამბაც ამ საქმისთვის შეიძინეს. ამ სტამბაში 25 წლის განმავლობაში 4000-მდე სასულიერო შინაარსის სხვადასხვა გამოცემა დასტამბეს. მათ შორის 500-მდე წიგნი თავიანთი ხარჯით გამოსცეს. თვითონ მაქსიმემ ოთხმოცამდე წიგნი თარგმნა და გამოსცა. წიგნებს ძალიან მცირე ფასს ადებდნენ, დიდ ნაწილს კი მუქთად ავრცელებდნენ. „შარაძე და ამხანაგობის სტამბის“ დამფუძნებლები იყვნენ: მაქსიმე შარაძე, ესტატე კერესელიძე, ვასილ გძელიძე და ივანე ზაქარაშვილი. მათ პირობა ჰქონდათ დადებული, უჯამაგიროდ ემუშავათ. თუ რამ სარგებლობა შემოვიდოდა, ისევ საერთო საქმისთვის მოეხმარებინათ. თუ ვინმე გარდაიცვლებოდა, მისი წილი ქონება დანარჩენ ძმებს რჩებოდათ. მაქსიმე შარაძის სტამბა „ივერიის“ რედაქციის ქვედა სართულზე იყო მოთავსებული, ილიას დის, ელისაბედ საგინაშვილის სახლში. სასულიერო შინაარსის წიგნების გარდა რუსულ, ქართულ და სომხურ ენებზეც გამოსცემდნენ წიგნებსა და ჟურნალებს. შარაძის სტამბაში დაბეჭდილა ილიას „ქვათა ღაღადი“, იაკობ გოგებაშვილის „რუსკოე სლოვო“ და სხვა. აღსანიშნავია მაქსიმეს მიერ ექვს წიგნად გამოცემული „რჩეული სიტყვები სხვადასხვა წიგნებიდან გამოკრეფილი“, რომლებიც მამათა სწავლებებთან ერთად შეიცავს მაქსიმეს ღრმადსულიერ ნააზრევსაც. ხალხი მათ სტამბას „ბერების სტამბას“ უწოდებდა კეთილმსახურებისა და წმინდა ცხოვრების გამო. სტამბის ძმობას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბეთანიის, ზედაზნის, თბილისის ფერისცვალებისა და შიომღვიმის მონასტრებისა და ათონის წმინდა მთაზე ქართველთა სავანის ბერებთან. მათგან წიგნთსაცავიდან გადმოწერილ წმინდათა ცხოვრებასა და ქადაგებებს იღებდნენ, ბეჭდავდნენ და უფასოდ ავრცელებდნენ.

1890 წელს მელქისედეკ ნაკაშიძემ მაქსიმესა და ესტატეს ცნობილი მომღერალი ფილიმონ ქორიძე გააცნო, რომელმაც მათ ერთ თვეში ნოტები შეასწავლა. ძმობამ საგალობლების გამოცემა განიზრახა. ილია ჭავჭავაძემ მოსკოვში წერილი მისწერა ალექსანდრე ხახანაშვილს და მისი დახმარებით სანოტო შრიფტი შეიძინეს. შემდეგ გაბრიელ ეპისკოპოსს ფილიმონის მიერ ნოტებზე გადაღებული საგალობლები სთხოვეს დასაბეჭდად. 1892 წლიდან სტამბაში საგალობლების ბეჭდვა დაიწყეს. 1500 ეგზემპლარს ბეჭდავდნენ და ამასაც გალობის შესწავლის მსურველებს უფასოდ უნაწილებდნენ. 1895 წელს მაქსიმემ სამი წიგნი გამოსცა „ქართული გალობისა“, 1899 წელს – „მიცვალებულის გალობელი“, 1901 წელს – „პირველშეწირულის საგალობელნი“ და სხვა. ფილიმონ ქორიძემ განიზრახა ქართულ ენაზე გამოეცა ნოტების სახელმძღვანელო. თუ ასეთ სახელმძღვანელოს მომიტანთ, ბატონო ფილიმონ, ტყავს გავიძრობ და ჩემი ხარჯით დავბეჭდავო, – უთქვამს მაქსიმეს. მართლაც, 1895 წელს გამოსცა კიდეც ეს სახელმძღვანელო. მაქსიმე ისე გაწაფულა ნოტების ნიშნებში, რომ თვითონაც ჩაუწერია რამდენიმე გალობის კილო.

ქართული გალობა გადასარჩენი იყო, ამიტომაც მაქსიმეს და ესტატეს დრო აღარ დაუკარგავთ და მის ერთადერთ სრულყოფილად მცოდნესთან, ანტონ დუმბაძესთან გაუგზავნიათ ფილიმონ ქორიძე გალობების ჩასაწერად. იმ მცირე საფასურთან ერთად, ფილიმონს და ანტონს რომ უხდიდნენ ამ საქმეში, სულიერადაც განამხნევებდა მათ მაქსიმე. „ივერიაში“ დაბეჭდა კიდეც წერილი „გალობის ერთი მოყვარულთაგანის“ ფსევდონიმით (ეს მაქსიმე უნდა იყოსო, – ფიქრობს ბატონი ლუარსაბ ტოგონიძე), სადაც ავტორი აგულიანებს ფილიმონს და ანტონს, – აბა, თქვენ იცით, ბოლომდე გაიყოლეთ გალობის ჩაწერის ხალისიო. 1897 წელს ფილიმონმა დაასრულა საგალობლების ჩაწერა. გალობათა ჩაწერისას დიდად დახმარებია მათ არისტო ქუთათელაძე (აქვე აღსანიშნავია არისტოს ღვაწლი ბეთანიის მონასტრის აღდგენაში). 1901 წელს მაქსიმეს სტამბა დაუხურეს პროკლამაციების დაბეჭდვის გამო (ეს მის უნებურად მომხდარა), არისტოს მეცადინეობით ერთი წლის შემდეგ კვლავ გაუხსნიათ, მაგრამ ამან ისე იმოქმედა მაქსიმეზე, რომ ლოგინად ჩააგდო. თუმცა გამოკეთდა, მაგრამ ვერ გამოჯანმრთელდა. ჭლექი თანდათან მოერია. სხვა ამ დროს სამკურნალოდ მოიცლიდა, მაგრამ მაქსიმე ასე არ მოქცეულა, სანთელივით ბოლომდე იწვოდა. მრავალი გაჭირვებისა და ავადმყოფობის მიუხედავად, ყოველთვის ფიცხელი სისასტიკით მარხულობდა, ხორცის ჭამა სიყრმიდანვე აიკრძალა. დიდმარხვის შვიდეულს ისე განვლიდა, არაფერს შეჭამდა. მძიმე ავადმყოფიც კი შაბათ-კვირას უქმობით ნაშუადღევამდე საჭმელს არ მოღებდა, თუ დააძალებდნენ, ეტყოდა, – ის არ მეყოფა, წირვა-ლოცვას ვერ დავესწარი, მის გამოსვლამდე არ მოვითმინოო. ხან სამი დღე ისე გაივლიდა, პურს არ გატეხდა, დაითმენდა ხორციელ ბრძოლებს. სხვისი არაფერი ეხარბებოდა. ქალწულების აღთქმას მტკიცედ იცავდა, ცდილობდა, ფიქრითაც არ დაერღვია. ქუჩაში სიარულის დროს ქუდი თვალებზე ჰქონდა ჩამოფარებული. ყოველთვის შრომობდა და თავს ნებას არ აძლევდა, თავისუფალ დროს გასართობად, სეირის საცქერლად წასულიყო. მაქსიმესთან შეუძლებელი იყო უბრობა. თუ ვინმეს შეამჩნევდა, ჩემზე გაჯავრებული წავიდაო, უეჭველად წერილს მისწერდა ტკბილს და საგულისხმოს. ხმა არასოდეს აუმაღლებია, გახლდათ მშვიდობიანი, წყნარი, მართალი. სიცრუე მის ბაგეთაგან არასოდეს ამოსულა. ერთხელ წიგნის გამომცემელმა სთხოვა, მეტად შემიფასე და უფრო მეტ ფულს გადამიხდიანო. მაგრამ მაქსიმემ თავის ასაღებ ფულზე თქვა უარი და ტყუილი არ იკადრა. გახლდათ ყოველთვის მართლისმთქმელი, არ უყვარდა ფარისევლობა, არავინ დაუჩაგრავს თავისი თავის მეტი. ბავშვისთვისაც კი არ უთქვამს „ბიჭი“, არც სხვა ზედმეტი სახელი, არც არავინ განუკითხავს – არც საერო და არც სასულიერო პირნი. ამბობდა როცა ამა თუ იმ კაცზე რისამე თქმა გინდოდეს, პირველად იფიქრე, ვითომ ის კაცი შენ წინა დგას. თუ პირში ძვირს არ ეტყვი, ნურც უიმისოდ იტყვიო. უაღრესად მოწყალე გახლდათ. საუკუნო სასჯელის შიშით, ღვთის სასჯელამდე საკუთარი თავი დასაჯა, შეავიწროვა საკუთარი სხეული, არც სულს მისცა გასაქანი. სხვისი დიდი ცოდვა ერთ ბეწვადაც არ მიაჩნდა, საკუთარ უმნიშვნელოს, მაგალითად, წყლის დალევისას ჯვრის გამოსახვას დავიწყებას, დიდად ნანობდა. თუ ვინმე ეტყოდა, ეგ რა ცოდვა არის, მიხედე სხვებსო, პასუხობდა, – ვინც ამბობს, ღვთის მცნება მარტო ჩემთვის არის დაწერილი (სხვას არ მიხედავს) და მასზე გულმოდგინედ დგას და ასრულებს, გამორჩეული იქნება ღვთისაგანო.

თავის თავს ესაყვედურებოდა: „რა დამემართა, ვერ ვიქცევი კარგად. ვაითუ ცუდი მაგალითი აიღოს ვინმემ ჩემგან; მერე რა პასუხი გავცე ღმერთსო“. კმაყოფილი არ იყო თავისი ბევრი შრომითაც და სულ იმას ამბობდა: არაფერი გამიკეთებია, დღეს პურის ჭამა არ მეკუთვნისო. მძიმე ავადმყოფობის დროსაც კი გაჭირვებით წამოდგებოდა და შრომას დაიწყებდა.

1901 წლიდან მოყოლებული შვიდი წელი ჭლექით იტანჯებოდა, მაგრამ ყოველთვის ღმერთს მადლობდა. ხილვა ჰქონია: „ჩვენებით განვლიდა სული ჩემი ქვასა, რკინასა, ზღვას, უფსკრულსა, ცეცხლსა, მთასა ყინვიანსა და ზეცისა ჰაერთა შინა საშინელებათა დიდთაო“.

ასე მსხვერპლად შეეწირა თავის ქვეყანას და მშობლიურ ეკლესიას მაქსიმე შარაძე. 1908 წლის 26 თებერვალს (ახ. სტ. 11 მარტს) დასრულდა ამქვეყნიური ცხოვრება მისი და დაიწყო საუკუნო. ჩვენ ვალში ვართ – მის წინაშე, რომ არა მაქსიმე შარაძე, არ გვეყოლებოდა არც ესტატე კერესელიძე (წმინდა ექვთიმე აღმსარებელი) და არც ქართული საგალობლები შემოგვენახებოდა. როგორც ბრძანებს დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე: „მაქსიმე არ იყო არც ბერი, არც მღვდელი, მაგრამ თავისი ჭეშმარიტ-ქრისტიანული, როგორც პირადი, ისე საზოგადოებრივი ცხოვრება-მოღვაწეობით, ბევრად მაღლა იდგა ახლანდელ ბერობასა და მღვდლობაზედ“.

მართლაც, ამ ერთმა უბრალო ერისკაცმა „იმდენი შესძლო, რაც ვერ გააკეთა მისიონერთა ლეგიონებმა“. იგი ჩემთვის და ალბათ თქვენთვისაც, ძვირფასო მკითხველო, იქცა მაგალითად ერსკაცისა, რომელმაც ღვთის შეწევნით სძლია სოფელს, რომელმაც იცხოვრა და იყო მონა ღვთისა, ერთგული შვილი დედაეკლესიისა.

„ერის გული ზღვაა, – ბრძანებს „ივერიის“ თანამშრომელი გრიგოლ ყიფშიძე, – მის ლურჯსა და კამკამა წყალს ვერ აამღვრევთ, რამდენი ნაგავიც უნდა ჰყაროთ შიგ, მაინც ვერ დააშრობთ და აი, ამ ზღვიდან ამოვიდა მაქსიმე. ამოვიდა წმინდა და მოკვდა წმინდა“.

მოამზადა კახაბერ კენკიშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“, № 5, 2007 წ.

 

Posted in ცოტა რამ მართლმადიდებლობაზე | Leave a Comment »

 
%d bloggers like this: